ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოს შტატის მთიან რეგიონში, ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 360-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. მძევლები, მათ შორის ქალები და ბავშვები, მარტის თვეში გაიტაცეს ნგოშეს თემიდან.

გათავისუფლების გარემოებები ამ დრომდე ბუნდოვანია. ნიგერიის არმია აცხადებს, რომ წარმატებული შედეგი კვირების განმავლობაში დაგეგმილი, დაზვერვაზე დაფუძნებული სპეცოპერაციის შედეგია. მათი თქმით, სამხედროებმა მოულოდნელი იერიში მიიტანეს მანდარას მთებში განლაგებულ ბაზაზე.

სამხედრო სპიკერმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ჰარუნა მ. სანმა განაცხადა, რომ ოპერაცია სიბნელის საფარქვეშ განხორციელდა. მისი თქმით, ნიგერიის არმიის სწრაფმა და ზუსტმა მოქმედებამ მებრძოლები პანიკაში ჩააგდო, რის გამოც ნაწილმა პოზიციები მიატოვა და მთებში გაიქცა, ნაწილი კი დანებდა.

თუმცა, ადგილობრივი ჯგუფი „ბორნოს სამხრეთის ახალგაზრდული ინიციატივა“ (Borno South Youth Initiative) მოვლენებს სხვა კუთხით აფასებს. ორგანიზაციის პრეზიდენტი სამაილა კაიგამა აცხადებს, რომ გათავისუფლება არა სამხედრო იერიშის, არამედ მათ მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგია. მათი მონაცემებით, გათავისუფლებულთა რაოდენობა 416-ს შეადგენს.

ტრაგედია ტყვეობაში

გათავისუფლების პროცესს თან ახლდა მძიმე ინფორმაციაც. ნიგერიის პრეზიდენტის მრჩეველმა დანიელ ბვალამ სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ტყვეობის ხანგრძლივი პერიოდისა და მძიმე პირობების გამო ორი ჩვილი გარდაიცვალა.

ამჟამად გათავისუფლებულები სამედიცინო დახმარებას იღებენ. ხელისუფლება მუშაობს იმ პირების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც შესაძლოა ტყვეობიდან გაქცევის მცდელობისას მეზობელ კამერუნში გადავიდნენ.

ნიგერიაში მძევლების გამოსასყიდის მიზნით გატაცება გავრცელებული ტაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ კანონით გამოსასყიდის გადახდა აკრძალულია, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სასოწარკვეთილი ოჯახებისა და შუამავლების მხრიდან გადახდილი თანხები ამ დანაშაულებრივ სქემებს კიდევ უფრო აძლიერებს.

„ბოკო ჰარამი“, რომელიც 2009 წლიდან ცდილობს ნიგერიაში ისლამური მმართველობის დამყარებას, დღესაც რჩება საფრთხედ. მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფებამ ტერიტორიების კონტროლის დიდი ნაწილი დაკარგა, ის და მისი განშტოებები რეგულარულად ესხმიან თავს სკოლებს, ეკლესიებს, მეჩეთებსა და დაუცველ სოფლებს.