რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დააზიანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს „უკიდურესად ცინიკური დარტყმა“ უწოდა.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის შესაბამისი უწყებები, მათ შორის საგარეო და ენერგეტიკის სამინისტროები, ინტენსიურად მუშაობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მათ მომხდარის დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ. მიუხედავად თავდასხმისა, ამ ეტაპზე რადიაციული ფონის ნორმიდან გადახრა არ ფიქსირდება.

„რუსეთმა მიზანმიმართულად დაარტყა ბირთვულ ინფრასტრუქტურას. ეს არის მტრის გადაჭარბებული თავხედობის კიდევ ერთი გამოვლინება“, — განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინელმა მაშველებმა დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახერხეს.

„ენერგოატომის“ ცნობით, რუსული რაკეტები ბირთვული საწვავის საცავს მოხვდა. დაზიანდა კონტეინერების მიმღები შენობა, თუმცა კომპანია ხაზს უსვამს, რომ ინციდენტის დროს აღნიშნულ შენობაში ბირთვული საწვავი არ ინახებოდა.

ვითარება კვლავ დაძაბულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზეც. იქ დარტყმა თბოელექტროსადგურზე განხორციელდა, რაც საფრთხეს უქმნის ატომური სადგურის ერთადერთ დარჩენილ ელექტრომომარაგების ხაზს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის 13 ოლქში სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანა იერიში. მხოლოდ მიმდინარე კვირაში მტერმა უკრაინის წინააღმდეგ 88 რაკეტა, 3250-ზე მეტი დრონი და 1800-მდე მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენა.

პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა რუსეთმა გააცნობიეროს, რომ მსგავსი აგრესია საბოლოოდ თავად მის წინააღმდეგ შემობრუნდება.