რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა სომხეთის ევროპული მისწრაფებების მიმართ. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაფინანსებას.

ზახაროვას განმარტებით, მოსკოვის პოზიცია განპირობებულია ევროკავშირის ქმედებებით, რომელსაც რუსეთი „ღიად მტრულად“ აფასებს. მისი მტკიცებით, ევროკავშირი არა მხოლოდ უჭერს მხარს, არამედ აფინანსებს კიევში მიმდინარე პროცესებს, რასაც რუსული მხარე „ტერორისტულ“ ქმედებებს უწოდებს.

„რაც არასდროს მოხდება, არის ის, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზისთვის გადავიხადოთ“, — აღნიშნა ზახაროვამ.

რუსი დიპლომატის თქმით, ერევანს მოუწევს საბოლოო არჩევანის გაკეთება ორ დიდ გაერთიანებას შორის. მისი აზრით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის პარალელური სვლა შეუძლებელი იქნება.

ეს განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კრემლის მკაცრ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესებისადმი. სომხეთის ხელისუფლების მხრიდან ევროპული კურსის გამყარების მცდელობები მოსკოვის მხრიდან მზარდ წინააღმდეგობას აწყდება.