რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხეილ შვიდკოი, თბილისს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS ავრცელებს.
შვიდკოი, რომელიც ამავდროულად მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, თბილისში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. მან თბილისელ მაყურებელს საკუთარი თეატრის ფილმ-სპექტაკლები, „ცირკის პრინცესა“ და „რევერსი“ წარუდგინა.
ვიზიტის ფარგლებში შვიდკოიმ აღნიშნა, რომ კულტურა არის ის სფერო, რომელსაც ნდობის აღდგენა შეუძლია. მისი თქმით, ეს პროცესი უნდა წარიმართოს ეტაპობრივად და ძალდატანების გარეშე.
„კულტურა ის სფეროა, რომელსაც შეუძლია ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველგვარი იძულებითი ქმედებების გარეშე აღადგინოს ნდობის ის ატმოსფერო, რომელიც ოდესღაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა. ჩვენი ხალხები ყოველთვის მიილტვოდნენ ერთმანეთისკენ, ჩვენი კავშირები ძალიან ღრმაა“, - განაცხადა შვიდკოიმ.
მან ფილმების ჩვენება დაახასიათა როგორც „მიმზიდველი“ გზა ქართველ აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის. შვიდკოის თქმით, რუსულ მხარეს სურს, საქართველოს მაქსიმალურად წარუდგინოს თანამედროვე რუსული ხელოვნება, ფერწერა და კინო.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი მხოლოდ იმ ფორმით წარიმართება, რაც მისაღები იქნება ქართველი პარტნიორებისთვის. შვიდკოიმ ასევე ისაუბრა რუსეთში მოღვაწე ქართველ არტისტებზე და აღნიშნა, რომ რუსეთი ღია რჩება ქართველი ხელოვანებისთვის.
„უნდა ითქვას, რომ რუსეთში ბევრი ქართველი შემსრულებელია. დიდი ქართული ანსამბლები რეგულარულად მართავენ ტურნეებს ქვეყნის მასშტაბით, ასევე უამრავი გამორჩეული მუსიკოსი და არტისტი ცხოვრობს და მოღვაწეობს რუსეთში“, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ეს მიხეილ შვიდკოის ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში უკვე მეორე ვიზიტია. მიმდინარე წლის მარტში იგი თბილისში პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოსული რუსული დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.