ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში VI საუკუნის ისტორიული ეკლესიის ნანგრევები გაქრა. ძეგლის ადგილას ამჟამად ახალი ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, ისტორიულ ფუნდამენტს ანადგურებს.

განგაში ხელოვნებათმცოდნემ, თამთა დოლიძემ ატეხა. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ისტორიული ბაზილიკა ფაქტობრივად აღარ არსებობს.

ჩუბინაშვილის ცენტრის ცნობით, ნაგებობა ადრეული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუში იყო. ტაძარი მე-10 და მე-14 საუკუნეებში იყო გადაკეთებული, ხოლო საბჭოთა პერიოდში ნაწილობრივ დაზიანდა. მიუხედავად ამისა, მას უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა, რომ მშენებლობა უკანონოა. უწყების განცხადებით, მათ დარღვევის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2025 წელს ჰქონდათ და რუის-ურბნისის ეპარქიას სამუშაოების შეჩერება წერილობით მოსთხოვეს.

მიუხედავად მოთხოვნისა, მშენებლობა არ შეჩერებულა. სააგენტოს წარმომადგენლის, გიორგი სანდოძის თქმით, მათ მხოლოდ არსებული ძეგლის რესტავრაციის პროექტი ჰქონდათ შეთანხმებული, ხოლო მიმდინარე სამუშაოებს შესაბამისი ნებართვა არ გააჩნია.

თავის მხრივ, რუის-ურბნისის ეპარქიის არქიმანდრიტმა ზენონმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს „მემკვიდრეობის დაცვის პროექტია“. მისი თქმით, ეკლესიის პირვანდელი სახით აღდგენა იგეგმება, სადაც ძველი ქვები ახალ წყობაში იქნება გამოყენებული.

ჩუბინაშვილის ცენტრში ამ ფაქტს „განგაშის სიგნალს“ უწოდებენ. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ის ფაქტი, როდესაც უწყებამ იცოდა ძეგლის ნგრევის შესახებ, მაგრამ პროცესი ვერ აღკვეთა, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

ამჟამად სააგენტო ადგილზე სიტუაციის ხელახალ შეფასებას და „კანონით გათვალისწინებული ზომების“ გატარებას გეგმავს. მანამდე კი, ძეგლის კულტურული ფენები მხოლოდ იმ ქვებშია შემორჩენილი, რომლებიც მშენებლებმა დროებით შეინახეს.