პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი დაასახელა. სააკაშვილის განცხადებით, ამ პოზიციაზე ის ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ხედავს.

სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიას სჭირდება „გამოცდილება, ენერგია და ხედვა“. ექს-პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ თავმჯდომარის არჩევნები უნდა ჩატარდეს ისეთი ფორმატით, რომელიც გარე ჩარევებს სრულად გამორიცხავს.

„ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი. ამავე დროს, ვთავაზობ არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი“, — წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის ამ განცხადებას პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოსტი მისთვის მოულოდნელი იყო და აღნიშნა, რომ „იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“.

თინა ბოკუჩავას თავმჯდომარეობის ვადა 8 ივლისს ეწურება. საინტერესოა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა მანამდე თავად დაადასტურა, რომ პარტიის თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო, თუმცა თავდაპირველად უარი თქვა. ჟორჟოლიანის თქმით, ის საკუთარ თავს თავმჯდომარის პოზიციაზე ვერ ხედავს და თანათავმჯდომარეობის ვარიანტს უფრო მისაღებად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში „რადიკალური ცვლილებები“ 10 ივნისს დაანონსა. მაშინ მან ნანუკა ჟორჟოლიანს „სრული ნდობა“ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ის ცვლილებებს თინა ბოკუჩავასთან ერთად უნდა განახორციელოს.

მიუხედავად სააკაშვილის ინიციატივისა, ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიაში „ორხელისუფლებიანობას“ არ ეთანხმება და ამ პოზიციის შესახებ ყოფილ პრეზიდენტსაც აცნობა. თავად სააკაშვილი კი, უკრაინის მოქალაქეობის გამო, პარტიაში ოფიციალურ თანამდებობას ვერ დაიკავებს.