„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი განცხადება შეაფასა. სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია.

ბოკუჩავას თქმით, ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მხოლოდ ექვსი დღის წინ სააკაშვილმა ოფიციალური გვერდით თავადვე გამოუცხადა მხარდაჭერა ბოკუჩავას პარტიის გაძლიერებისა და რეფორმების პროცესში.

„გუშინდელ ეთერში მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რადგან ჩემი ვადა 2026 წლის 8 ივლისს იწურება. ჩვენ ვგეგმავდით საერთო ძალისხმევით, სწორი მიდგომით გაგვეტარებინა რეფორმები“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ღიად ისაუბრა იმედგაცრუებაზე. მისი თქმით, სწორედ მსგავსი იმპულსური და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებებია ის მიზეზი, რამაც პარტია დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა.

მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტია მუშაობას არ შეწყვეტს. მისი თქმით, ეს სიტუაცია არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი ერთი წუთითაც გაჩერდება დასახული მიზნების მისაღწევად.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან არ გაკეთებულა.