საფრანგეთის ლტოლვილებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების უწყებამ (OFPRA) რუსი მხატვრისა და აქტივისტის, პიოტრ პავლენსკის წინააღმდეგ ოფიციალური პროცედურა წამოიწყო. საუბარია მისთვის 2017 წელს მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის ჩამორთმევაზე.
თავად პავლენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც 2026 წლის 26 მაისით თარიღდება. ოფიციალურ წერილში ხაზგასმულია, რომ სტატუსის გაუქმების საფუძველი საფრანგეთის ტერიტორიაზე მხატვრის მიმართ გამოტანილი ორი სისხლის სამართლის განაჩენია.
საფრანგეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები იძლევა საფუძველს, პავლენსკის ყოფნა ქვეყანაში „სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს საზოგადოებას“. მხატვარს მიეცა 21-დღიანი ვადა საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად და საპირისპირო მტკიცებულებების წარსადგენად.
პავლენსკიმ უწყების გადაწყვეტილებას ირონიით უპასუხა: „როგორც ჩანს, საფრანგეთის ხელისუფლებას საერთოდ არ მოსწონს სუბიექტ-ობიექტური ხელოვნება“.
პიოტრ პავლენსკი ცნობილია რადიკალური პერფორმანსებით, რომლებსაც რუსეთში მართავდა. მათ შორის იყო ეფესბეს შტაბის კარისთვის ცეცხლის წაკიდება, ტუჩების ამოკერვა და ფსიქიატრიულ კლინიკასთან ყურის ბიბილოს მოჭრა. რუსეთში მას არაერთხელ აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ვანდალიზმის მუხლით.
საფრანგეთში მიღებული თავშესაფრის შემდეგ, პავლენსკი კვლავ აღმოჩნდა სამართლებრივ დავებში. პარიზში ბანკის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების გამო მას პირობითი პატიმრობა შეუფარდეს. 2023 წლის ოქტომბერში კი, ყოფილი პოლიტიკოსის, ბენჟამენ გრივოს ინტიმური ვიდეოს გასაჯაროების საქმეზე, მას წელიწადნახევრით პირობითი პატიმრობა მიესაჯა.
პავლენსკის მიმართ სხვადასხვა დროს გაჟღერებულა ბრალდებები სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შესახებ. თავად მხატვარი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფაქტებს ადასტურებს, თუმცა უარყოფს მათზე გავრცელებულ ინტერპრეტაციებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.