ინდოეთის კინოინდუსტრია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულია, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვის ახალ ეტაპზე გადავიდა. სანამ ჰოლივუდში ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და სამუშაო ადგილების ბედზე მსჯელობენ, ინდოელი პროდიუსერები ტექნოლოგიას უკვე აქტიურად იყენებენ კინო და სტრიმინგ კონტენტის შესაქმნელად.

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია კომპანია JioStar-ის პროექტი — Reliance-ისა და Walt Disney-ის ერთობლივი საწარმოს მიერ შექმნილი 100-ეპიზოდიანი სერიალი „Mahabharat: Ek Dharmayudh“. ინდური ეპოსის ეს თანამედროვე ვერსია გენერაციული AI-ის გამოყენებით შეიქმნა და პლატფორმაზე გამოსვლისთანავე პლატფორმის საშუალო მაჩვენებელს 2.1-ჯერ გადააჭარბა.

რატომ ირჩევენ AI-ს?

ინდოეთის მედიისა და გართობის ბაზარი 32 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და წლიურად 9%-ით იზრდება. კონკურენციის პირობებში, პროდიუსერებისთვის მთავარი გამოწვევა დრო და ბიუჯეტია. AI-ინსტრუმენტები, როგორიცაა Midjourney, Adobe Firefly, Kling, MiniMax და Google-ის AI Studio, საშუალებას იძლევა, წარმოების ხარჯები მილიონებიდან ასეულ დოლარამდე შემცირდეს, ხოლო ვადები თვეებიდან კვირებამდე.

AI-არტისტი პრასად გორი, რომელიც სერიალ „Made in India: the Titan story“-ზე მუშაობდა, აღნიშნავს, რომ ბოლო რვა თვეში მოთხოვნა AI-პროდუქციაზე მკვეთრად გაიზარდა. თუ ადრე თავად უწევდა სტუდიებთან დაკავშირება, ახლა კვირაში 10-15 შეთავაზებას იღებს.

ახალი შესაძლებლობები დამოუკიდებელი ავტორებისთვის

ტექნოლოგია ბარიერებს უხსნის იმ შემოქმედებსაც, რომლებსაც ტრადიციულ ინდუსტრიაში შეღწევა უჭირთ. სუდარშან სრინივასანი, ტამილური კინოინდუსტრიის აღმასრულებელი პროდიუსერი, მიიჩნევს, რომ AI პატარა გუნდებს აძლევს შანსს, გადაიღონ ფილმი ინვესტორებისა და დიდი სტუდიების მხარდაჭერის გარეშე. მისი თქმით, თუ ტრადიციული გზით დაფინანსებას ვერ მოიპოვებს, მზადაა, სრულად AI-ის დახმარებით შექმნილი პროექტი ციფრულ პლატფორმაზე გაუშვას.

ინდოელი სპეციალისტები ტექნოლოგიას კომბინირებულად იყენებენ. მაგალითად, ანიმაციური ფილმების შექმნისას ჯერ რეალურ მსახიობებს იღებენ, შემდეგ კი AI-ის საშუალებით მათ მიმიკებს ანიმაციურ პერსონაჟებზე ანაწილებენ. ეს მეთოდი არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ შემოქმედებითი პროცესის სრულ კონტროლს იძლევა.