თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირთან დაგეგმილ დიალოგს ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, თუმცა ეს პროცესი მხოლოდ კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა წარიმართოს.

კალაძის განცხადებით, საქართველოსთვის მიუღებელია რიტორიკა, რომელიც პარტნიორების მხრიდან „თითის ქნევას“ გულისხმობს. „ჩვენ ვართ ერი, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში კვალს ტოვებს. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები, მებრძოლები, შემოქმედები და მწერლები ქართველები არიან. ოთხმილიონიანი ერი განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა და ჩვენთან ზემოდან ყურება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკა ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება. მისი თქმით, ხელისუფლება არავის ებრძვის, თუმცა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს პრიორიტეტად აქცევს.

კრიტიკაც და რეკომენდაციებიც არგუმენტებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა თითის ქნევაზე, - აცხადებს კალაძე.

კალაძე ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის ზოგიერთი კრიტიკის სამართლიანობას და მას „ორმაგი სტანდარტების“ კონტექსტში განიხილავს. მან მაგალითად დაასახელა კანონპროექტებთან დაკავშირებული კრიტიკა და აღნიშნა, რომ ანალოგიური კანონების მიღებაზე სხვა ევროპული ქვეყნებიც საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან ვიზების საკითხზე დიალოგს გეგმავს. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების პროცედურები იქნება. ევროკომისიის ანგარიში დეკემბერშია მოსალოდნელი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი სახელმწიფოები იანვარში მიიღებენ.