საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია საგზაო მოძრაობის წესებში ცვლილებების დაანონსებას გეგმავს. მმართველი გუნდი ამჟამად შესაბამის უწყებებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს.
კირცხალიას თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს ჯარიმების სისტემის დაბალანსებას. საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც ჯარიმის ოდენობა შესაძლოა არ იყოს პროპორციული ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან.
„დაკვირვებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევებში საგზაო წესებთან დაკავშირებული მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს. ჩვენი მიზანია, ჯარიმები იყოს სამართლიანი და ადეკვატური იმ გადაცდომისა, რაც მოხდა“, — განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და კონსულტაციები მამუკა მდინარაძესთან და შსს-ს წარმომადგენლებთან, კერძოდ, სულხან თამაზაშვილთან მიმდინარეობს. საკანონმდებლო ინიციატივის დეტალები საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
მოსალოდნელია, რომ კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებები მომდევნო სასესიო კვირისთვის მომზადდება. ირაკლი კირცხალიას განმარტებით, ხელისუფლება მიზნად ისახავს, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიაღწიოს კონსენსუსს და საზოგადოებას საბოლოო ვერსია წარუდგინოს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.