საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს ექვს მოქალაქეს, მათ შორის ხუთ მამაკაცსა და ერთ ქალს, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დამნაშავეები ევროპის უმსხვილესი ბიბლიოთეკებიდან რუსული კლასიკური ლიტერატურის იშვიათი გამოცემების სისტემატურ ქურდობაში ცნეს დამნაშავედ.

გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება მოქმედებდა ორგანიზებულად და დახვეწილი სქემით. ისინი ბიბლიოთეკებში მკვლევრების სტატუსით შედიოდნენ. შენობაში ყოფნისას დამნაშავეები დეტალურად სწავლობდნენ გამოცემებს, იღებდნენ ფოტოებს და ზომავდნენ წიგნებს, რათა შემდგომში ორიგინალები მაღალი ხარისხის ასლებით ჩაენაცვლებინათ.

ყველაზე მკაცრი სასჯელი 49 წლის ბექა ცირეკიძეს განესაზღვრა, რომელსაც უკვე არსებულ სასჯელს დამატებით 4 წელი მიემატა. ცირეკიძე მანამდე ესტონეთში ანალოგიური დანაშაულისთვის იყო გასამართლებული.

გამოძიების ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო მიხეილ ზამთარაძის შემთხვევამ. 2023 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ის საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას 40-ჯერ ესტუმრა. იგი აცხადებდა, რომ სწავლობდა მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში დემოკრატიის საკითხებს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიბლიოთეკიდან პუშკინის ცხრა იშვიათი გამოცემა გაქრა, რამაც 650 ათასი ევროს ზარალი გამოიწვია.

საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალური სქემა

მსგავსი დანაშაულები დაფიქსირდა გერმანიაში, შვეიცარიასა და ჩეხეთში. საქმის გამოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური ჯგუფი ევროპოლისა და ევროჯასტის მონაწილეობით. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ ჯგუფს რუსეთიდან კურირებდნენ.

არსებობს ვერსია, რომ ქურდობებს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის რუსეთში „რეპატრიაციას“. მიუხედავად აქტიური საგამოძიებო მოქმედებებისა, საფრანგეთიდან გატანილი არცერთი წიგნი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივნისში პუშკინის „კავკასიელი ტყვის“ მეორე იშვიათი გამოცემა რუსულ აუქციონ „ლიტფონდზე“ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ აღწერილობა ემთხვეოდა პარიზიდან მოპარულ ეგზემპლარს, აუქციონის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ გააჩნიათ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ წიგნი რუსეთში 2014-2015 წლებშია შეძენილი.