საქართველოს სკოლებში სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ეტაპობრივად დაინერგება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამოსვლისას დაადასტურა, რომ უწყება სკოლებში ფორმის კულტურის დამკვიდრებას იწყებს.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მოსწავლეებში დისციპლინისა და აკადემიური გარემოს ხელშეწყობას, ასევე სოციალური განსხვავებების შემცირებას. გივი მიქანაძის თქმით, ეს არ არის ფორმის სკოლაში „დაბრუნება“, არამედ მისი ახალი კულტურის შემოტანა.

როგორ განხორციელდება პროცესი

სასკოლო ფორმით უზრუნველყოფის პროცესი ეტაპობრივი იქნება. მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რადგან წინა ტენდერში მონაწილე კომპანიებმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. სამინისტროს გეგმა შემდეგია:

  • 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი ფორმით.
  • პირველი სემესტრის განმავლობაში ფორმებს მიიღებენ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელები.
  • შემდგომ წლებში, ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის გზით, ფორმის ტარების ვალდებულება მეშვიდე, მერვე და ზედა კლასებზეც გავრცელდება.

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა

სამინისტროს პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა. გივი მიქანაძის განცხადებით, საერთაშორისო ტენდერი არ გამოცხადებულა, თუმცა ბაზრის კვლევაში მონაწილეობა როგორც ქართულმა, ისე უცხოურმა კომპანიებმა მიიღეს. საუბარია 1 800 000 ერთეული ტანსაცმლის შესყიდვაზე.

„ჩვენი მიზანია, ბავშვები შეეჩვიონ ფორმას, რაც მომავალში ყოველგვარ კონფრონტაციას თავიდან აგვაცილებს. ყოველწლიურად თითო კლასს დავამატებთ, სანამ სისტემა სრულად არ ჩამოყალიბდება“, — აღნიშნა მინისტრმა.