საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს ეხმაურება, რომელთა ფარგლებში სანქცირებულთა სიაში გემი SILVAR (IMO 9291262) მოხვდა. უწყება საელჩოს მიერ საქართველოს ხსენებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

რა მოხდა ყულევის ნავსადგურში?

სააგენტოს განცხადებით, გემი SILVAR ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2026 წლის თებერვალში იმყოფებოდა. იმ პერიოდში გემს არანაირი სანქცია არ ჰქონდა დაწესებული არც გაერთიანებული სამეფოს, არც ევროკავშირის, არც აშშ-ის და არც გაეროს მხრიდან.

უწყება ხაზს უსვამს, რომ გემის შემოსვლამდე ყველა კომპეტენტურმა ორგანომ მრავალდონიანი შემოწმება განახორციელა. შედეგად, არც გემის, არც მისი მფლობელის და არც ოპერატორის მიმართ სამართლებრივი შეზღუდვები არ გამოვლენილა.

გემის ტექნიკური სტატუსი

იმ პერიოდში გემი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა და ფლობდა Lloyd's Register-ის (გაერთიანებული სამეფო) მოქმედ კლასს. გემი სრულად იყო დაზღვეული, ხოლო მისი მფლობელი და ტექნიკური მენეჯერი იდენტიფიცირებული იყვნენ.

სააგენტო იშველიებს 2025 წლის 5 დეკემბრის ფაქტსაც, როდესაც დანიის სამეფოში გემს Paris MoU-ს ფარგლებში ინსპექტირება ჩაუტარდა. მაშინ გემს მხოლოდ ოთხი უმნიშვნელო შენიშვნა მისცეს, რაც ადასტურებს, რომ ის საერთაშორისო საზღვაო სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

საქართველო არ წარმოადგენს და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა, - აცხადებენ სააგენტოში.

უწყების მტკიცებით, დაუშვებელია გემის საქმიანობის შეფასება იმ სანქციების საფუძველზე, რომლებიც მის საქართველოში ყოფნიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაწესდა. საერთაშორისო სანქციები სწორედ დროში მოქმედების პრინციპზეა დაფუძნებული.