საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელიც 9 ივნისს მომხდარი ინციდენტის განხილვას ეთმობოდა, ხმაურითა და დაპირისპირებით გაგრძელდა. საუბარია პირდაპირ ეთერში 10 წლის გოგონას დაცემის ფაქტზე, რომლის დროსაც სტუდიაში მყოფმა პირებმა და ტელევიზიის თანამშრომლებმა რეაგირება ვერ მოახერხეს.

სხდომაზე არხის მემონტაჟემ ტელევიზიის ხელმძღვანელობა გულგრილობაში დაადანაშაულა. მან გაიხსენა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად გამართული მარათონი და აღნიშნა, რომ არხმა არც მაშინ გამოიჩინა სათანადო მხარდაჭერა. „დგას საკითხი ძალიან მწვავედ, სისხლის სამართლებრივი საქმეა გულგრილობა“, – განაცხადა მემონტაჟემ, რასაც ბორდის წევრის, გია იაკობაშვილის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც თანამშრომელს „თავის ქების შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.

დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ბორდის წევრმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ 10 წლის ბავშვის დაცემის შემდეგ საზოგადოების მხრიდან გამოხატულ სოლიდარობაზე გაამახვილა ყურადღება. იაკობაშვილის პასუხმა, რომ „საზოგადოებას ბავშვის წაქცევა გაუხარდა“, შავგულიძის მწვავე რეაქცია გამოიწვია.

„ეს არის შენი ინტერპრეტაცია, შენი მოსაზრება, იმიტომ, რომ შენ არ ხარ ობიექტური, შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შე ნაძირალა, ერთხელ მოგხვდა მაგის გამო, კიდევ მოგხვდება, თავხედო“, – განაცხადა შავგულიძემ და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 9 ივნისს, გადაცემა „სიმღერის აკადემიის“ მიმდინარეობისას მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ ნომერი ჩვეულებრივად გაგრძელდა და მოზარდი იატაკზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იწვა. არხის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლებმა მომხდარი ვერ შეამჩნიეს, ხოლო „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლები ამას სცენის განათებასა და ხმამაღალ მუსიკას უკავშირებენ. დაზარალებული გოგონას დედა, თამარ აკობია, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.