საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც 10 წლის ბავშვი სიმღერის დროს გონებადაკარგული წაიქცა, ტელეწამყვანი ლიზა ბაგრატიონი და გადაცემის გუნდი საჯაროდ ბოდიშს იხდიან. შემთხვევა 9 ივნისს, „დღე პირველ არხზე“ გადაცემის მიმდინარეობისას მოხდა.

სამეურვეო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე მედიის ბლოკის ხელმძღვანელმა, რუსუდან მანჯგალაძემ აღიარა, რომ მომხდარი მძიმე სანახავია. მისი განცხადებით, არსებობს „ორი სიმართლე“: ერთი ის, რომ სტუდიაში მყოფმა ადამიანებმა ბავშვის დაცემა ვერ დაინახეს და მეორე — ის მძიმე კადრები, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა.

ლიზა ბაგრატიონმა განმარტა, რომ სტუდიაში მრავალი ადამიანი იმყოფებოდა და ვითარება ვერ დააფიქსირეს. „მე ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე. ჩვენ, დიდებმა, მოვახერხეთ და ბავშვებს საოცარი სტრესი მივაყენეთ“, — განაცხადა წამყვანმა და ბოდიში მოუხადა როგორც დაზარალებულ გოგონასა და მის ოჯახს, ისე სხვა მონაწილეებსაც.

მაუწყებლის პოზიციით, სათვალთვალო კამერებისა და ეთერში გასული მასალის გადამოწმებით დგინდება, რომ პავილიონში მყოფ თანამშრომლებს ფაქტი არ შეუმჩნევიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთერი დაუყოვნებლივ შეწყდებოდა. ლიზა ბაგრატიონმა დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევები, როდესაც ბავშვები ნერვიულობის გამო ცუდად ხდებიან, კონცერტებზე იშვიათი არ არის — მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა 14 ივნისს ქუთაისშიც.

ბავშვის დედა, თამარ აკობია, მომხდარის გამო პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მისი თქმით, ყველა იმ პირმა, ვინც უმოქმედოდ იყო, ბოდიში უნდა მოუხადოს ბავშვს, ოჯახს და იმ მოზარდებს, რომლებმაც სტრესი მიიღეს.