2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიდრატაციის შესვენებების საკითხი მწვავე განხილვის საგნად იქცა. ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა, FIFA-ს გადაწყვეტილება საჯაროდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პაუზები ყველა მატჩში ავტომატურად არ უნდა ინიშნებოდეს.
ნიდერლანდებისა და იაპონიის 2:2 დასრულებული დაპირისპირების შემდეგ, ვან დაიკმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ თამაშის დინამიკა მნიშვნელოვნად ირღვევა. მისი თქმით, მსგავსი პაუზები ხშირად მხოლოდ კომერციულ მიზნებს ემსახურება.
„ვფიქრობ, ეს პაუზები კარგი არ არის. ტურნირის თითქმის ყველა მატჩს ვუყურე და მუდმივი შეჩერებები, განსაკუთრებით სარეკლამო მიზნებით, არ მომწონს. ეს ნეიტრალური მაყურებლისთვისაც დამღლელია,“ — განაცხადა ვან დაიკმა.
ფეხბურთელის აზრით, ჰიდრატაციის შესვენებები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს. ვან დაიკი მიიჩნევს, რომ თითოეული მატჩის პირობები ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მიიღონ, თუ მართლაც ექსტრემალური სიცხეა.
ნიდერლანდების ნაკრები ამჟამად ჯგუფში რთულ მდგომარეობაშია. გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს, ხოლო ცხრილს 3 ქულით შვედეთი ლიდერობს. მომდევნო ტურში რონალდ კუმანის გუნდი სწორედ შვედეთს დაუპირისპირდება. მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.