სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საკუთარი თანამდებობიდან შესაძლო წასვლისთვის ემზადება. ქვეყნის ლიდერმა „რადიო ბელგრადთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირადი ნივთების, კერძოდ კი წიგნების ჩალაგება უკვე დაიწყო.

ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა ის გადადგომას უახლოეს 3-4 თვეში, ვუჩიჩმა ლაკონიურად უპასუხა, რომ ეს შესაძლოა უფრო ადრეც მოხდეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების დანიშვნა მხოლოდ „ტექნიკური საკითხია“ და პროცესი უახლოეს თვეებში განხორციელდება.

ვუჩიჩის თქმით, ის ამჟამად აქტიურად განიხილავს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობას. პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად აანალიზებს, თუ ვინ შეიძლება გახდეს მმართველი გუნდიდან მისი შემცვლელი ქვეყნის პირველი პირის პოსტზე.

აღნიშნული განცხადება სერბეთში პოლიტიკური პროცესების შესაძლო გააქტიურებაზე მიანიშნებს. ვუჩიჩი ამჟამად კონკრეტულ ვადებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა მისი კომენტარები მიუთითებს, რომ მმართველ პარტიაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. პარალელურად, პრეზიდენტი აგრძელებს სამუშაო რეჟიმში საქმიანობას და უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან შეხვედრებს აანონსებს.