შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა „TV პირველის“ ეთერში გასული მასალების ავთენტურობა. საუბარია პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველ კადრებზე, რომლებიც გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსში გავრცელდა.
უწყების განმარტებით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება 2022 წლის ზაფხულში, აჭარაში, ქობულეთში მოხდა. საქმეში იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი ფიგურირებს, რომლებიც იმ პერიოდში რეგიონში მივლინებით იმყოფებოდნენ.
როგორ გამოვლინდა დანაშაული?
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტი სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის თებერვალში გამოავლინა. სწორედ ინსპექციის მიერ მოკვლეული მასალების საფუძველზე დაიწყო საქმის გამოძიება.
პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2026 წლის 23 თებერვალს სამივე პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავეს.
რა დეტალებია ცნობილი?
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები ძალადობის პროცესს თავად იღებდნენ. კადრები, რომლებიც სავარაუდოდ, სამართალდამცველების საერთო ჩატში იგზავნებოდა, საზოგადოებრივი ინტერესის საგანი გახდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გახდება ცნობილი.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.