სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მოაწერა, რითაც ორ ქვეყანას შორის შეთანხმების რატიფიკაციამდელი პროცედურა დასრულდა.
შეთანხმების პარაფირება ჯერ კიდევ 26 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტის დროს მოხდა. სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, შეთანხმების დისტანციური ხელმოწერის პროცესი წარმატებით დასრულდა მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ამერიკული მხარის ხელმოწერით სომხეთში გამოიგზავნა.
„რამდენიმე წამის წინ, თქვენი თვალწინ მოვაწერე ხელი „ტრამპის გზის“ ჩარჩო შეთანხმებას სომხეთსა და აშშ-ს შორის. ამით დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულდა და შეთანხმება მზად არის რატიფიკაციისთვის“, - განაცხადა მირზოიანმა უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
აღნიშნული დოკუმენტი სომხეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპს წარმოადგენს. ამ ეტაპზე შეთანხმების კონკრეტული ტექნიკური დეტალები და მისი განხორციელების ვადები მხარეებს საჯაროდ არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა ხელმოწერის პროცედურის დასრულება ნიშნავს, რომ დოკუმენტი უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში რატიფიკაციისთვის გადაიგზავნება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.