რესპუბლიკური პარტიის დონორმა და ნავთობინდუსტრიის ტეხასელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ნიკანდროსმა, კონგრესმენ ჯო უილსონს ოფიციალური წერილით მიმართა. ნიკანდროსი, რომელიც წარსულში აქტიურად ლობირებდა MEGOBARI აქტის წინააღმდეგ, ამჯერად უილსონთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს.
ნიკანდროსის წერილში ხაზგასმულია, რომ იგი წლების განმავლობაში აკვირდება კონგრესმენის საკანონმდებლო ინიციატივებს საქართველოსთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი ღიად აცხადებს, რომ არ ეთანხმება უილსონის ბოლოდროინდელ დასკვნებს ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, იგი პატივს სცემს კონგრესმენის ერთგულებას რეგიონული ინტერესებისადმი.
კერძო სექტორის პოზიცია
საკუთარი მოთხოვნის დასაბუთებისას ნიკანდროსი აპელირებს თავის 30-წლიან გამოცდილებაზე საქართველოში. იგი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და სურს, კერძო სექტორის პერსპექტივა გაუზიაროს ამერიკელ კანონმდებელს.
„მჯერა, რომ შემიძლია შემოგთავაზოთ საქართველოს როლის შესახებ განსხვავებული ხედვა შუა დერეფნის, რეგიონული ენერგოუსაფრთხოებისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ჭრილში“, — ნათქვამია წერილში.
წარსული დაპირისპირება და ლობირება
სტივ ნიკანდროსის სახელი MEGOBARI აქტთან დაკავშირებით აქტიურად ფიგურირებდა. გამოცემა The Hill-ის თანახმად, ჯერ კიდევ იანვარში მან წარმომადგენელთა პალატის წევრებს წერილები გაუგზავნა და აქტის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, სექტემბერში, როდესაც რესპუბლიკელმა სენატორმა მარკუეინ მალინმა MEGOBARI აქტის წინსვლა დაბლოკა, მედიაში გაჩნდა კითხვები ნიკანდროსთან შესაძლო კავშირებზე. ცნობილია, რომ ნიკანდროსმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწია მალინისა და სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლების საარჩევნო კამპანიებს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სენატორი მალინი ნიკანდროსის კომპანიის, Frontera Resources-ის ლობისტი იყო საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე დავის ფარგლებში. მაშინ კომპანიამ ლობირებისთვის დაახლოებით 1 მილიონი დოლარი დახარჯა, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობამ Frontera-ს საქმიანობის გაგრძელების ნება დართო.
მიუხედავად მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა, სენატორი მალინი უარყოფს, რომ მისი პოზიცია MEGOBARI აქტის მიმართ ნიკანდროსთან კავშირშია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.