საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციის პოლიტიკური კურსი და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მათი ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა. პრემიერის თქმით, დემოკრატიაში კრიტიკა მისაღებია, თუმცა არსებობს საკითხები, სადაც პოლიტიკური სპექტრი ერთიან პოზიციაზე უნდა ყოფილიყო.

„ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი“, — განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, იმ პერიოდში ხელისუფლებაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა საქართველო სამხედრო კონფლიქტის ნაწილი გამხდარიყო. კობახიძემ გაიხსენა მოთხოვნები, რომლებიც სანქციების დაწესებასა და მებრძოლი მოხალისეების თვითმფრინავებით გაგზავნას უკავშირდებოდა.

„მთავრობის თანხმობით გაშვებული თვითმფრინავით უკრაინაში მებრძოლ მოხალისეებზე იყო საუბარი, რაც პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ხდებოდა სამხედრო კონფლიქტის ნაწილი. სად იყო თქვენი პატრიოტიზმი, სად იყო ამ ხალხის ქვეყნის სიყვარული?“ — აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, საქართველო იყო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ომის დაწყებისთანავე ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. მან ასევე გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევა და ოპოზიციის რეაქცია ამ ნაბიჯზე.

„კი არ დაგმეს, ომშია პრეზიდენტი და შეიძლება არ დაგმო, მაგრამ ხომ შეიძლება, გამოხვიდე და თქვა, ეს არ არის სწორი მოთხოვნა და მოდი აბა დავუდგეთ ხელისუფლებას გვერდით. ერთი კაცი გამოვიდა? მარტო რომ ვიბრძოდით“, — დასძინა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის მხრიდან მსგავსი რიტორიკა ლოგიკურად გაგრძელდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული კამპანიით, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის ინტერესებს დააზიანებდა.