ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. პანკისის ხეობაში, კერძოდ ზემო, ქვემო და შუა ხალაწანში, უხვი ნალექის გამო სანიაღვრე არხებმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, რის შედეგადაც სოფლებში ღვარცოფი გადმოვიდა.
ადგილობრივი გამოცემის, „მთავარი ამბები კახეთიდან“ ცნობით, სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. შუა ხალაწანში დაზიანდა საცალფეხო ხიდის ნაწილი.
მოსახლეობის თქმით, წყალმა მოვარდნა გვიან ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე დაიწყო. ადგილობრივების განცხადებით, ეზოებში წყლის დონემ რამდენიმე მეტრს მიაღწია, თუმცა მათ შინაური ცხოველების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა დროულად მოახერხეს, რამაც თავიდან აარიდა უფრო მასშტაბური ზარალი.
სტიქიის შედეგად განადგურდა ადგილობრივების ნათესები, მათ შორის სიმინდისა და კარტოფილის მოსავალი. ამ დროისთვის მდინარეებში წყლის დონემ იკლო და ვითარება სტაბილიზებულია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან. უახლოეს პერიოდში დაიწყება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.