ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა პანკისის ხეობა, სოფელი საკობიანი, ალვანი, ალავერდი, ოჟიო და კოღოთო დააზარალა. უამინდობა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, თუმცა შედეგები ფერმერებისთვის კატასტროფული აღმოჩნდა.
განადგურებული მოსავალი
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები თითქმის სრულად გაანადგურა. ფერმერები აცხადებენ, რომ მოსავალი, რომელიც მოსაკრეფად მზადდებოდა, მიწასთან არის გასწორებული.
სეტყვამ ყველაფერი გადაათეთრა. ვენახებთან ერთად განადგურდა ბოსტნეული და ხილიც, რაც ახალი ამოსული იყო, სულ ძირს ყრია, - ამბობენ ადგილობრივები.
სტიქიამ არა მხოლოდ სავარგულები, არამედ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე სახლს სახურავი გადაეხადა. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული იხსენებს, ქარიშხლის სიმძლავრე იმდენად მაღალი იყო, რომ გარეთ გასვლა შეუძლებელი გახდა.
ოფიციალური რეაგირება
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განცხადებით, ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს მიყენებული ზიანის დეტალური აღწერა.
სამაშველო სამსახური ჩართულია გზების გაწმენდის პროცესში, რადგან ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. მერია ზარალის შეფასების დასრულების შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს დაგეგმავს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.