საქართველოს პარლამენტი სუროგაციის სრული აკრძალვის ინიციატივით გამოდის. უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 22 ნოემბერს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ თემაზე კანონპროექტს დააინიცირებს.
საკითხის ირგვლივ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ. BMG-სთან ინტერვიუში კახაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში საკითხს სიღრმისეულად შეისწავლიან, თუმცა დეპუტატი წინასწარ ცალსახა პოზიციის დაფიქსირებას ერიდება.
სფეროს კომერციალიზაციის პრობლემა
ლადო კახაძის განცხადებით, სუროგაციის მეთოდი, რომელიც თავდაპირველად კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდა, დროთა განმავლობაში კომერციალიზაციაში გადაიზარდა. დეპუტატის თქმით, ეს პროცესი არაკეთილსინდისიერი ქმედებების შედეგია, რამაც სფეროში მორალური და სოციალური პრობლემები წარმოშვა.
„ჭკვიანმა მეცნიერებმა გაკვალეს გზა და დიდებული საქმე გააკეთეს, მაგრამ მომდევნოებმა ეს კომერციალიზაციაში გადაიტანეს, შეურაცხყვეს მეთოდი და დღეს სიტყვა სუროგაცია ბევრს ცუდად ხვდება ყურს,“ — განაცხადა კახაძემ.
სამომავლო ნაბიჯები
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდი, რომელიც ოჯახების დახმარებას ისახავს მიზნად, კვლავ ძალაში დარჩება და სახელმწიფო მას ხელს შეუწყობს. მისივე თქმით, ნორმატიული აქტის შემუშავებისას შესაძლოა დასაბუთებული გამონაკლისებიც განიხილონ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
კახაძის განმარტებით, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ სუროგაციის პრაქტიკა სწორედ იმ საფრთხეების გამო არ გამოიყენა, რაც აღნიშნულმა სფერომ წარმოშვა. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც დარგის რეგულირებას ან სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.







დისკუსია
0 კომენტარი