წმინდა თამარ მეფის ხსენების დღე
14 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. ხალხში ეს დღესასწაული „თამარობის“ სახელითაა ცნობილი და ის ყველა იმ ქალბატონისთვის, ვინც თამარის სახელს ატარებს, სახელობის დღესასწაულს წარმოადგენს.
ზეიმის ცენტრად ტრადიციულად ახალციხე იქცა, სადაც წმინდანად შერაცხული მეფის ძეგლია აღმართული. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, რომლის აღმშენებლობაც და აყვავება სწორედ თამარ მეფის ეპოქას უკავშირდება.
ოქროს ხანის მონარქი
თამარი ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი და დავით აღმაშენებლის შვილთაშვილი იყო. ის გიორგი III-ისა და ალანთა მეფის ასულ ბურდუხანის ერთადერთი ქალიშვილი გახლდათ. თამარი ტახტზე მამის სიცოცხლეშივე აკურთხეს, ხოლო 1184 წელს, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც საქართველოს ერთპიროვნულად უმმართველა.
ისტორიკოსები თამარის მეფობის პერიოდს „ოქროს ხანად“ მოიხსენიებენ. ამ დროს საქართველომ გააფართოვა საზღვრები შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. მეფემ გაატარა მოქნილი საგარეო პოლიტიკა და წარმატებით მართავდა ქვეყანას.
სახელმწიფოებრივი რეფორმები
- შეიქმნა „დარბაზი“ — შუა საუკუნეების პარლამენტის პროტოტიპი.
- გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
- განვითარდა კულტურა და მეცნიერება.
თამარ მეფე ხელოვნების დიდი მფარველი იყო. სწორედ მას მიუძღვნა შოთა რუსთაველმა უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“. მისი მმართველობის პერიოდში საქართველომ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები გააძლიერა ათონზე, სირიაში, პალესტინასა და ბულგარეთში.
განათლება და რელიგიური ტოლერანტობა
თამარის ეპოქაში აშენდა მრავალი ციხე, ტაძარი, ხიდი და გზა. გელათისა და იყალთოს აკადემიებში ინტენსიურად სწავლობდნენ მათემატიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიასა და ენებს. მეფემ განაგრძო დავით აღმაშენებლის მიერ დაწყებული პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას გულისხმობდა.
ქრისტიანული საქართველო თავს ბიზანტიის მემკვიდრედ მიიჩნევდა, თუმცა ქვეყანაში მუსლიმებს არ დევნიდნენ. დავით აღმაშენებლის მსგავსად, თამარიც პატივს სცემდა აღმოსავლეთის მოაზროვნეებს, ვაჭრებსა და პოეტებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.