თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სიახლეები მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად, წარმატებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიის ოდენობა იზრდება. ნაცვლად აქამდე არსებული 562,5 ლარისა, სტუდენტები სემესტრულად 1 000 ლარს მიიღებენ.

გარდა ამისა, დედაქალაქში ახალი პროგრამა „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“ იწყება. პროგრამა მიზნად ისახავს იმ მკვლევრების წახალისებას, რომლებიც დედაქალაქის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრაზე ან ინოვაციური იდეების შემუშავებაზე მუშაობენ.

„პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტურ სფეროებზე იმუშავებენ“, - განმარტა კახა კალაძემ.

მერია ასევე აგრძელებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებას. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს დაფინანსება უკვე მიიღო 1 280-მა სოციალურად დაუცველმა, 500-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა და 50-მდე შშმ სტუდენტმა.

დედაქალაქის მერმა დადებითად შეაფასა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივა საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს რეფორმა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი გააგრძელებს იმ სტუდენტების დაფინანსებასაც, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში.