საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თელავში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, კახეთის რეგიონის მოსახლეობას 26 მაისი მიულოცა და ხაზი გაუსვა დღევანდელი დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
თელავში ეკონომიკის სამინისტრომ საზოგადოებისთვის სპეციალური სივრცეები მოაწყო. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ენერგეტიკული თემატიკის პავილიონებს, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი პროგრამა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ფოსტის ისტორიულ რაკურსს. სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ სპეციალური სტენდები, რომლებიც ფოსტის განვითარების გზასა და ისტორიას ასახავს.
ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, რომ წლევანდელი 26 მაისი ორმაგად საზეიმოა, რადგან ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც აღნიშნავს. მინისტრის მოადგილემ ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანი მოქალაქეებისთვის ამაღლებული განწყობის შექმნაა.
ეკონომიკის სამინისტროს საზეიმო აქტივობები მხოლოდ თელავით არ შემოიფარგლება. უწყება წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ფოთში, ქუთაისსა და ამბროლაურში.
„ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ჩვენი პრიორიტეტი ეკონომიკის თვითკმარობა და მისი განვითარებაა, რაც საბოლოო ჯამში, თითოეული მოსახლის ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება“, — განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ღონისძიებას მინისტრის მოადგილესთან ერთად ესწრებოდნენ ინგა ფხალაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე. მათ ერთად დაათვალიერეს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.