აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას მკაცრი გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, ვაშინგტონი მზადაა, თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები განაახლოს, თუ მხარეები უახლოესი 60 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს რესურსი, ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები კვირებისა და წლების განმავლობაშიც კი გააგრძელოს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის სცენარი, რომლის თავიდან აცილებაც მას სურს, თუმცა ის არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას.

„ბირთვული იარაღი გამორიცხულია“

პრეზიდენტის რიტორიკა ირანის ბირთვულ ამბიციებს უკავშირდება. ტრამპი აცხადებს, რომ აშშ არასდროს მისცემს ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას.

„თუ ეს 60 დღეში არ მოგვარდება, ყველაფერი რიგზეა – ჩვენ დავუბრუნდებით დაბომბვას. მე არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს, რადგან მათ ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მიუხედავად მუქარისა, ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ირანულ მხარესთან გარკვეული სახის კომუნიკაცია არსებობს. მისი თქმით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ შეეცდება.

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია რჩება უცვლელი: მაქსიმალური წნეხი ირანის რეჟიმზე, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგიონული დესტაბილიზაცია და ბირთვული ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში.