დონალდ ტრამპი ირანთან საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმების დეტალებს ცვლის. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, პრეზიდენტმა მოლაპარაკებების პროცესში უკვე არსებული პირობები გაამკაცრა.
თეთრმა სახლმა განახლებული ჩარჩო-დოკუმენტი უკვე გადაუგზავნა ირანულ მხარეს. თუმცა, ოფიციალური პირების განმარტებით, შეთანხმების საბოლოო ვერსია კვლავ გაურკვეველია. ცვლილებების კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი აქცენტს ირანის ბირთვული მასალების ბედზე აკეთებს.
მოლოდინი თეირანიდან
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ირანის პასუხს რამდენიმე დღე დასჭირდება. პროცესის შეფერხებას ტექნიკური სირთულეებით ხსნიან. „ისინი ფაქტობრივად გამოქვაბულებში იმყოფებიან და ელექტრონულ ფოსტას არ იყენებენ“, — აღნიშნა აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Axios-თან საუბარში.
მიუხედავად გაჭიანურებული მოლაპარაკებებისა, ვაშინგტონში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან დაელოდონ, რათა შეთანხმება ზუსტად პრეზიდენტის მოთხოვნების შესაბამისად შედგეს. პროცესი შესაძლოა რამდენიმე დღით ან კვირით გახანგრძლივდეს.
ჰორმუზის სრუტე და ბირთვული საკითხები
ტრამპის პრიორიტეტებს შორის ორი მთავარი საკითხია: ირანის პირობა, რომ არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს და ჰორმუზის სრუტის გახსნა. აღნიშნული სრუტე მსოფლიო ნავთობმომარაგების დაახლოებით 20%-ს ატარებს.
თავის მხრივ, ირანის სამხედრო შტაბმა „ხათამ ალ-ანბიამ“ განაცხადა, რომ სრუტეზე კონტროლს სრულად ინარჩუნებს. თეირანი აფრთხილებს უცხოურ კომერციულ და სამხედრო გემებს, რომ რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, მათ სამიზნეში ამოიღებენ.
თეირანი მუდმივად უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვას. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტში აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა, ტულსი გაბარდმა კონგრესში ჩვენებისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონის შეფასებით, ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობას არ აწარმოებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.