Uber ლონდონის ქუჩებში უპილოტო ტაქსების გამოჩენისთვის ემზადება. კომპანიამ ოფიციალურად გახსნა ინტერესთა სია იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც სურთ, გახდნენ პირველები, ვინც Wayve-ის ავტონომიური მანქანებით ისარგებლებენ. სერვისის ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

ეს ნაბიჯი Uber-ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ლონდონი კომპანიისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, შესაბამისად, უპილოტო ტაქსების ტესტირება აქ გადამწყვეტი იქნება. Uber ცდილობს გაარკვიოს, რამდენად მზად არიან ევროპელი მომხმარებლები უპილოტო გადაადგილებისთვის, განსხვავებით აშშ-სა და ჩინეთისგან, სადაც მსგავსი სერვისები უკვე აქტიურად ფუნქციონირებს.

როგორ დარეგისტრირდეთ სერვისზე?

ლონდონელებს შეუძლიათ საკუთარი ინტერესი Uber-ის აპლიკაციის საშუალებით დააფიქსირონ. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ პარამეტრებში, აირჩიოთ განყოფილება „ride preferences“ და „autonomous vehicles“ ქვეპუნქტში მონიშნოთ „join interest list“.

კომპანიის განცხადებით, სიაში ჩაწერა ზრდის შანსს, რომ მომხმარებელი გაეწყვილოს Wayve-ის ავტონომიურ ავტომობილს სერვისის გაშვებისთანავე. ასევე, დარეგისტრირებულები მიიღებენ ექსკლუზიურ განახლებებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

რა უნდა იცოდეთ სერვისის შესახებ:

  • გაშვების თარიღი: ზუსტი დღე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიები ადასტურებენ, რომ სერვისი უახლოეს თვეებში ამოქმედდება.
  • ფასები: ავტონომიური ტაქსით მგზავრობა არ იქნება დამატებითი საფასურის მქონე. ტარიფი იგივე დარჩება, რაც UberX, Uber Electric ან Uber Comfort სერვისების შემთხვევაში.
  • უსაფრთხოება: საწყის ეტაპზე ავტომობილები სრულად უპილოტო არ იქნება. მოქმედი რეგულაციების თანახმად, საჭესთან უსაფრთხოების ოპერატორი იჯდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მართვას გადაიბარებს.

Wayve-ის წარმომადგენლის, ვიქტორ ჩარუნსოფონსაკის თქმით, დასაწყისისთვის ქალაქში მცირე რაოდენობის ავტომობილები გამოჩნდება. საუბარია ერთნიშნა რიცხვზე, რაც მიანიშნებს, რომ ეს იქნება ფაზური და არა ქალაქის მასშტაბით გაშლილი სერვისი.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის საგზაო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო ტექნოლოგიების დანერგვაზე მხოლოდ Uber არ მუშაობს. ბაზარზე ამ მიმართულებით აქტიურობენ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Baidu და Alphabet-ის კუთვნილი Waymo.