თბილისში, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 22 წლის კანადის მოქალაქე საიმონ როვენსკი იმყოფება. მას ბრალად ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაული და კონტრაბანდა ედება. დაკავების მიზეზი ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი) სამკურნალო პრეპარატი „ადერალი“ (Adderall) გახდა.
როვენსკის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა საქართველოში ტურისტული მიზნით, მეგობართან ერთად ჩამოვიდა. მათ თან ჰქონდათ აფთიაქის ჩეკი და მედიკამენტი ექიმის სახელით დანიშნულ ფლაკონში, თუმცა თავად რეცეპტის დოკუმენტი თან არ ახლდათ. ოჯახის წევრების თქმით, საიმონმა არ იცოდა, რომ ეს მედიკამენტი საქართველოში აკრძალული ნივთიერებების სიაში შედიოდა, რის გამოც მისი დეკლარირება აეროპორტში არ მოუხდენია.
დაკავებულის დამ, ნიკა როვენსკიმ, კანადურ მედიასთან (CBC) საუბრისას განაცხადა, რომ დაკავებამდე საიმონმა და მისმა მეგობარმა შვიდსაათიანი დაკითხვა გაიარეს. მათი თქმით, პროცესი დამამცირებელი პირადი ჩხრეკითა და ტელეფონების ჩამორთმევით წარიმართა. მოგვიანებით მეგობარი გაათავისუფლეს, საიმონ როვენსკი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ოჯახმა მასთან კავშირი 48 საათით დაკარგა.
ოჯახის ადვოკატის განმარტებით, როვენსკის შესაძლოა 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს, რაც ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფლობას უკავშირდება. ამჟამად მიმდინარეობს სახსრების მოძიება ადვოკატის მომსახურებისა და შესაძლო ჯარიმისთვის, რაც, ოჯახის ვარაუდით, გათავისუფლებისა და დეპორტაციის პირობა შეიძლება გახდეს.
ადვოკატის ცნობით, მსგავსი პრაქტიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით არსებობს: ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, ბრალდებული შესაძლოა გათავისუფლდეს და ქვეყნიდან გააძევონ. თუმცა, უცნობია, იქნება თუ არა ეს თანხა საპროცესო შეთანხმების ნაწილი. როვენსკის საქმეზე სასამართლო სხდომა 25 ივნისისთვისაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა ბრიტანეთის მოქალაქე ბელა კალი, რომელიც ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოტანაში იყო ბრალდებული. მაშინ მხარეებმა 500 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეათანხმეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.