უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა კვიპროსის თავმჯდომარეობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის მადლობას უხდის. ოფიციალური კიევი მიესალმება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას.

სიბიჰამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უნგრეთის კონსტრუქციულ როლზე. მინისტრის განცხადებით, უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებში ახალი თავი იხსნება, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ევროპულ მომავალზე იქნება დაფუძნებული.

ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

„ეს აღნიშნავს მნიშვნელოვან ეტაპს მათი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აგზავნის ევროკავშირის ერთიანობისა და მონდომების ძლიერ გზავნილს“, - აცხადებენ კვიპროსის თავმჯდომარეობაში.

უწყების ცნობით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა საბჭოში, რათა კლასტერის ოფიციალური გახსნის პროცესი დროულად დასრულდეს. კვიპროსი გაფართოების პროცესს ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ პოლიტიკად და სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკვე ცნობილია თარიღიც: 15 ივნისს ლუქსემბურგში ორი ცალკეული მთავრობათაშორისი კონფერენცია გაიმართება. სწორედ ეს შეხვედრები გახდება ოფიციალური საფუძველი მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გასახსნელად, როგორც უკრაინისთვის, ისე მოლდოვისთვის.