უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა. შეხვედრა კიშინიოვის აეროპორტში შედგა, სადაც უკრაინის ლიდერი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

ზელენსკის თქმით, დიალოგი „ძალიან პოზიტიურად“ წარიმართა. მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დასრულების პერსპექტივები და ახალი დიპლომატიური არხების ამოქმედების აუცილებლობა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს კვირებში აშშ-ის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება.

„მადლობელი ვარ მათი მზადყოფნისთვის, მაქსიმალურად აქტიურად იმუშაონ, რათა ახალი იმპულსი მიეცეს დიპლომატიურ ძალისხმევას ომის დასასრულებლად“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

საუბრისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებზეც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ყურადღება ამჟამად ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეა გადატანილი, ევროპაში მშვიდობის დამყარება უკრაინისა და მისი პარტნიორებისთვის კვლავ დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება.

მხარეებმა ასევე განიხილეს „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის მოლოდინები და ივნისისთვის დაგეგმილი სხვა საერთაშორისო ღონისძიებები. ზელენსკიმ კუშნერსა და უიტკოფს მიაწოდა ინფორმაცია მოსკოვის სავარაუდო გეგმებთან დაკავშირებით, რაც ოფიციალური კიევის ხელთ არსებულ მონაცემებს ეფუძნება.

შეხვედრის დასასრულს, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს უკრაინის პოზიციების მხარდაჭერისა და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატული პატივისცემისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა მოლდოვას სტუმართმოყვარეობისთვის.