2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ტურნირის პირველი შეხვედრა მეხიკოში, ლეგენდარულ „ესტადიო აცტეკაზე“ შედგა, სადაც მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. „ელ ტრიმ“ დაძაბულ ბრძოლაში 2:0 იმარჯვა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

შეხვედრის შემდეგ სამხრეთ აფრიკის მთავარმა მწვრთნელმა ჰუგო ბროოსმა მსაჯთა ბრიგადის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა. ბელგიელ სპეციალისტს პრეტენზია განსაკუთრებით მეორე წითელ ბარათთან დაკავშირებით ჰქონდა. მისი თქმით, ეპიზოდში მექსიკელმა ფეხბურთელმა მისი მოთამაშე დაბლოკა, რაც მსაჯმა არასწორად შეაფასა.

„პირველ წითელ ბარათზე სათქმელი არაფერია, მაგრამ მეორე შემთხვევაში ჩემი ფეხბურთელი დაბლოკეს. ასეთი მომენტები ფეხბურთში ხდება, თუმცა მსაჯმა სხვაგვარად გადაწყვიტა. სამწუხაროა, რომ მატჩის დასრულება ცხრა ფეხბურთელით მოგვიწია“, — განაცხადა ბროოსმა.

მიუხედავად მარცხისა და კაცნაკლულობისა, ბროოსი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. მისი შეფასებით, სამხრეთ აფრიკელები მექსიკის დაცვის გარღვევას ცდილობდნენ და გარკვეულ მონაკვეთებში მასპინძლები სასოწარკვეთილებაშიც კი ჩააგდეს.

გუნდის სუსტ მხარედ მწვრთნელმა ბურთის ფლობა დაასახელა. „ერთადერთი, რაც მომდევნო მატჩისთვის აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ, ბურთის ფლობაა. დღეს ამ კომპონენტში საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ, ამიტომ ამაზე მუშაობა მოგვიწევს“, — დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის გამარჯვება ხულიან კინიონესმა და რაულ ხიმენესმა უზრუნველყვეს. ტურნირის მომდევნო ტურში მექსიკა სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, ხოლო სამხრეთ აფრიკა ჩეხეთის წინააღმდეგ შეეცდება პირველი ქულების მოპოვებას.