აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას 2027 წლის 3 იანვრამდე, ანუ მანამდე ცდილობს, ვიდრე აშშ-ის კონგრესში უმრავლესობას დემოკრატიული პარტია მოიპოვებს. Financial Times-ის ცნობით, თეთრი სახლი აქტიურად მუშაობს მხარეებთან, რათა სამშვიდობო შეთანხმება იანვრის დასაწყისისთვის გაფორმდეს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ბოლო პერიოდში მოსკოვში, დუბლინსა და ბერლინში იმყოფებოდნენ. ისინი მაღალი რანგის რუს, უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებს შეხვდნენ, სადაც „მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე“ გაამახვილეს ყურადღება.
ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი შეთანხმების მიღწევას ძალზედ აჩქარებს. ერთ-ერთმა ევროპელმა ჩინოსანმა აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე, უკრაინამ შეთანხმების მისაღწევად მნიშვნელოვანი დათმობები გაიღოს. მეორე მხრივ, წყაროები მიუთითებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების პროცესში არსად ეჩქარება, რადგან დრო მის სასარგებლოდ მუშაობს.
უკრაინული მხარე შექმნილ ვითარებას ღრმა შეშფოთებით აკვირდება. კიევის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ იზრდება შიში, თითქოს უკრაინას რუსეთის პირობების მიღება დააძალონ. „ტრამპს პუტინი მოსწონს და სურს, ყველაფერი 2027 წლის იანვრამდე დაასრულოს“, — განაცხადა წყარომ.
ტრამპმა 19 ნოემბერს გამართულ სამმხრივ სამიტზე ვლადიმერ პუტინი „თავის მეგობრად“ მოიხსენია და ყირიმის ხიდზე უკრაინის თავდასხმასთან დაკავშირებით პუტინის „უკიდურესად გაბრაზებული განწყობა“ გაგებით მიიღო. თეთრმა სახლმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
საპასუხოდ, საფრანგეთის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალ თვეში მაიამიში, G20-ის სამიტზე არ აწარმოებს, რადგან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ღონისძიებაზე მიწვეული არ არის.





დისკუსია
0 კომენტარი