უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე ყოველწლიურ სესიაზე გამოსვლისას, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისა და მომავალი უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის თავდაცვითი ძალები რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალს დასავლეთ ციმბირიდან ლიბიის სანაპიროებამდე აზიანებენ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არაერთხელ იყო მზად საბრძოლო მოქმედებების დეესკალაციისთვის, თუმცა რუსული მხარე მშვიდობიან ინიციატივებს არ პასუხობს. პრეზიდენტმა ნატო-ს ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის თავდაცვის სისტემებში, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, ინვესტიციები გაზარდონ.

უკრაინის ლიდერმა ეჭვი შეიტანა რუსეთის სამომავლო პოლიტიკურ კურსში და აღნიშნა, რომ ქვეყნის ბოლო 100 წლის ისტორია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ რუსეთი უახლოეს წლებში მშვიდობიან სახელმწიფოდ გარდაიქმნება. შესაბამისად, მისი თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის საკმარისი რესურსი.

უსაფრთხოების გარანტიები და ოთხმხრივი მოლაპარაკებები

მომავალ სამშვიდობო შეთანხმებებთან დაკავშირებით, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები დეტალურ განხილვას საჭიროებს. პრეზიდენტმა დასვა კითხვები, თუ რომელი ქვეყნები დაუჭერენ მხარს უკრაინას თავდასხმის განმეორების შემთხვევაში და რომელი სახელმწიფოების სამხედრო ძალები განთავსდება წინასწარ უკრაინის ტერიტორიაზე.

„ეს ყველაფერი რთული საკითხია და ამ იდეებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი მკაფიო და კონკრეტული პასუხი არ გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია პარტნიორების სურვილზე, რომ უკრაინას, რუსეთს, აშშ-სა და ევროპას შორის ოთხმხრივი მოლაპარაკებები შობამდე გაიმართოს. ზელენსკის თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ პროცესი უფრო ადრე დაიწყება, თუმცა შეხვედრაზე მხარეები წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგით უნდა მივიდნენ.