უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება უსაფრთხოების გარანტიებზე უფრო ეფექტიანი მექანიზმია. მისი თქმით, ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან აგრესიის თავიდან ასაცილებლად გაცილებით სანდო გზაა.

რატომ მიიჩნევს კიევი ნატოს უფრო ეფექტიანად

ზელენსკიმ ასამბლეაზე დამსწრეებს მიმართა და დასვა კითხვა, თუ რატომ არ უნდა განიხილებოდეს ნატოში გაწევრიანება, როდესაც ეს ვარიანტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ყველაზე ლოგიკურია. „განა უფრო ეფექტიანი არ იქნებოდა უკრაინის უბრალოდ ნატოში მიღება? განა ეს ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი, განხორციელების თვალსაზრისით ნაკლებად ხარჯიანი და რეალური უსაფრთხოების დაცვისთვის უფრო საიმედო არ იქნებოდა?“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინა დასავლეთთან უკვე იზიარებს საერთო ღირებულებებს და აქტიურად თანამშრომლობს თავდაცვის სფეროში. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიის საბრძოლო გამოცდილება ნატოს ალიანსს მხოლოდ გააძლიერებდა.

მკაფიო პასუხების მოლოდინი

უკრაინის პრეზიდენტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარტნიორებისგან კონკრეტული პასუხების მიღება. კიევი ითხოვს გარკვეულობას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას რუსეთის განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში და რა კონკრეტულ ზომებს მიიღებენ ისინი.

ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების სისტემამ უნდა უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა და გამორიცხოს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შესაძლებლობა. ცნობისთვის, „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ოფიციალური მოსკოვი უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.