ბრიტანეთის მთავრობამ მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელმაც საუთჰემპტონში 18 წლის სტუდენტის, ჰენრი ნოვაკის მკვლელობა „მიგრანტთა მასობრივ შემოსევას“ დაუკავშირა. დაუნინგ-სტრიტის პრესსპიკერის განცხადებით, მსგავსი რიტორიკა საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ემსახურება.
ჰენრი ნოვაკი გასულ წელს ვიკრამ დიგვამ ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობის შემდეგ გავრცელებულმა კადრებმა, სადაც ჩანს, რომ პოლიცია მომაკვდავ ნოვაკს ხელბორკილებს ადებს, ბრიტანეთში მასობრივი პროტესტი და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობა გამოიწვია.
ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ნოვაკი იმავე მიზეზით დაიღუპა, რა მიზეზითაც „ცივილიზაციები კვდებიან“. მისი თქმით, ეს არის შედეგი იმისა, რომ ევროპულმა ელიტებმა ვერ შეძლეს წინააღმდეგობა გაეწიათ „მიგრანტთა მასობრივი შემოსევისთვის“.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის ბავშვთა და ოჯახთა მინისტრმა ჯოშ მაკალისტერმა, ვენსის განცხადება „ტოქსიკურ პოლიტიკად“ შეაფასეს. ოფიციალურმა ლონდონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნოვაკის ოჯახმა მკაფიოდ მოითხოვა, არ მოხდეს მათი შვილის ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.
„ჩვენ არ გვჭირდება რჩევები ამერიკელი პოლიტიკოსებისგან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმუშაოს პოლიციამ გაერთიანებულ სამეფოში“, - განაცხადა მაკალისტერმა BBC-ის ეთერში. პარალელურად, ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კემი ბადენოხმა მომხდარზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ მკვლელობაში მსჯავრდებული ვიკრამ დიგვა ბრიტანეთში დაბადებული პირია. მიუხედავად ამისა, ვენსის კომენტარებმა გააძლიერა დისკუსია ეგრეთ წოდებულ „ორსაფეხურიან პოლიციაზე“ (two-tier policing) - ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველები უმცირესობების მიმართ უფრო რბილად მოქმედებენ, რათა რასიზმის ბრალდებები აიცილონ თავიდან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ამ კვირაში უკვე გააკრიტიკა ილონ მასკიც, რომელმაც ნოვაკის საქმეზე პოლიციის ქმედებები საჯაროდ გააკრიტიკა. მთავრობა შიშობს, რომ უცხოელი გავლენიანი ფიგურების ჩარევა ქვეყანაში ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.