სლოვაკეთი არ გეგმავს მონაწილეობის მიღებას ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ 45-მილიარდიან სასესხო პროგრამაში. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ფიცოს განმარტებით, ბრატისლავა არც წარსულში ჩართულა უკრაინისთვის განკუთვნილ 90-მილიარდიან სასესხო პროგრამაში და საკუთარი პოზიციის შეცვლას ამჯერადაც არ აპირებს. მისი თქმით, სლოვაკეთი აგრძელებს კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, თუმცა მიიჩნევს, რომ სამხედრო ხასიათის სესხში მონაწილეობის მიღება არ არის გამართლებული.

„ეს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.

აღნიშნული საკითხი განხილვის საგანი იქნება ორშაბათს ბრატისლავაში დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე ავსტრიის კანცლერი შეიკრიბებიან. შეხვედრას წინ უძღვის გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი შესაძლოა დაიბლოკოს, თუ ყველა წევრი სახელმწიფო არ აიღებს ვალდებულებას უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2027 წელსა და შემდგომ პერიოდში.

რობერტ ფიცო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბერლინის მხრიდან განხორციელებული წნეხის მიუხედავად, საკუთარი პოზიციის დათმობას არ აპირებს.