დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიაში შიდაპარტიული დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ მზადაა, კირ სტარმერის წინააღმდეგ ლიდერობისთვის ბრძოლა დაიწყოს. მისი თქმით, ეს შესაძლოა უკვე მომავალ კვირას მოხდეს.
სტრიტინგის განცხადებით, პარტიაში არსებული „გაურკვევლობა და პარალიზებული მდგომარეობა“ დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს მეიკერფილდის შუალედური არჩევნები გაიმართება. სტრიტინგი ამბობს, რომ მას უკვე აქვს იმ 81 ლეიბორისტი დეპუტატის მხარდაჭერა, რაც ლიდერობისთვის ბრძოლის ოფიციალურად დასაწყებად არის საჭირო.
პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პოზიცია ამ ეტაპზე უცვლელია. საფრანგეთში, G7-ის სამიტზე ყოფნისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და გააგრძელებს იმ საქმის კეთებას, რისთვისაც ამომრჩეველმა მანდატი მიანიჭა.
ვითარებას ართულებს მანჩესტერის მერის, ენდი ბერნემის ფაქტორი. ბერნემი მეიკერფილდში დეპუტატობისთვის იბრძვის. თუ ის გაიმარჯვებს, პარლამენტში შესვლის შემდეგ მას ლეიბორისტულ ლიდერობის რბოლაში მონაწილეობის უფლება მიეცემა, რასაც სტრიტინგი ასევე გეგმავს.
სტრიტინგმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს შაბათ-კვირა უნდა მიეცეს საკუთარ პოზიციებზე დასაფიქრებლად. თუმცა, ის არ მალავს, რომ კონკრეტული ვადების დასახელებას არ აპირებს. „უმჯობესია, პრემიერმა გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღოს, ვიდრე ეს მე, ენდიმ ან სხვამ ვაიძულოთ“, – განაცხადა მან.
პოლიტიკურ გამოსვლაში სტრიტინგმა საკუთარი ეკონომიკური ხედვაც წარმოადგინა. მან აქცენტი ფისკალურ დისციპლინაზე გააკეთა და გააკრიტიკა ის მიდგომა, რომელიც „საბაზრო ვალდებულებების უგულებელყოფას“ გულისხმობს. ეს განცხადება პირდაპირ მიემართებოდა ენდი ბერნემის ადრინდელ პოზიციას, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირების მომხრე იყო.
სტრიტინგი აცხადებს, რომ ლიდერობის კამპანიას არ ააგებს „პოპულისტურ და ძვირადღირებულ დაპირებებზე“, რომელთა შესრულებაც მოგვიანებით შეუძლებელი იქნება. მისი თქმით, ის მიზნად ისახავს ცენტრისტული და მემარცხენე ფრთების გაერთიანებას, რათა მომავალ საყოველთაო არჩევნებში პარტიამ გამარჯვება შეძლოს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.