საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ნაკრძალი Farlington Marshes კატასტროფული საფრთხის წინაშეა. პორტსმუთთან მდებარე 120-ჰექტარიანი ტერიტორია, რომელიც დაცულ ზონად ითვლება, ზღვის წყლით იტბორება, რისი მიზეზიც სანაპირო დამცავი ნაგებობების მწყობრიდან გამოსვლაა.
Hampshire and Isle of Wight Wildlife Trust-ის ცნობით, პრობლემა გაუმართავ მოქცევის სარქველსა და დაზიანებულ ზღვის კედელს უკავშირდება. მარილიანი წყალი უკვე ანადგურებს საძოვრებს, რეზერვუარებსა და იშვიათი ფრინველების ბუდეებს.
ნაკრძალის მენეჯმენტის დირექტორის, ჯეიმი მარშის განცხადებით, უკვე დაკარგულია რვა ჰექტარი ლერწმის მასივი. „ეს ნამდვილი კატასტროფაა. სარქველი, რომელიც წყლის შეკავებაზეა პასუხისმგებელი, სათანადოდ არ იხურება, რის გამოც წყალი დაუბრკოლებლად შედის ნაკრძალის ტერიტორიაზე“, — აცხადებს მარში.
სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა ფრინველებისთვის, რომლებსაც ბუდობისთვის სხვა, უფრო მაღალ ადგილებზე გადასვლა უწევთ. ნაკრძალში ისეთი იშვიათი სახეობები ბინადრობენ, როგორებიცაა სადგისნისკარტა, მეჭვავია და სხვა.
გამოსავლის ძიება და 90-მილიონიანი გამოწვევა
გარემოს დაცვის სააგენტომ (EA) 2024 წლის გაზაფხულზე დროებითი ზომები მიიღო, თუმცა დამონტაჟებული ახალი სარქველი მალევე დაზიანდა. სააგენტოს შეფასებით, 3.5 კილომეტრიანი დამცავი კედლის სრულად ჩანაცვლება დაახლოებით 90 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდება.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი ჭარბტენიანი ტერიტორიები არა მხოლოდ ველური ბუნების თავშესაფარია, არამედ ბუნებრივი დამცავი ბარიერია წყალდიდობის წინააღმდეგ და ნახშირბადის შთანთქმის მნიშვნელოვანი წყარო.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ იკუმშება ეს ჰაბიტატები კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დონის აწევის გამო. იმის გამო, რომ ტერიტორია გარშემორტყმულია ინფრასტრუქტურით, როგორიცაა გზატკეცილი A27, მარშებს უკან დახევის სივრცე აღარ აქვთ“, — აღნიშნავს ეკოსისტემების მეცნიერი დოქტორი სტეფანი კარტერი.
რა იქნება შემდეგ?
გარემოს დაცვის სააგენტო ამ თვეში წყლის კონტროლის სისტემაში მორიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამცავი ნაგებობები თავისი ექსპლუატაციის ვადის დასასრულს უახლოვდება და სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს გრძელვადიანი გადაწყვეტის პოვნას.
მიუხედავად ამისა, ექსპერტები შიშობენ, რომ მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების ჩატარება მჭიდროდ დასახლებულ სანაპირო ზოლში თითქმის შეუძლებელია, რაც ბუნებრივი ჰაბიტატების შეუქცევადი დაკარგვის რისკს ზრდის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.