NASA-მ მთვარეზე მუდმივი დასახლების შექმნის გეგმის დეტალები გაასაჯაროვა. „Ignition Moon Base“-ის პროგრამა სამი ძირითადი ფაზისგან შედგება და მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო კვლევებს, ისე რესურსების მოპოვებასა და მარსზე შემდგომი მისიებისთვის პლაცდარმის მომზადებას.
რობოტული მისიები და ტექნოლოგიური პარტნიორები
პროგრამის პირველ ეტაპზე აშშ მთვარის ზედაპირზე რობოტულ ლენდერებს, „მხტუნავ“ დრონებსა და სატრანსპორტო საშუალებებს გაგზავნის. მათი მიზანი რელიეფის დეტალური რუკების შედგენა და ინფრასტრუქტურისთვის შესაფერისი ადგილების შერჩევაა.
ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ კერძო კომპანიები: Blue Origin, Intuitive Machines და Astrobotic. ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის ლენდერი, Endurance, უზრუნველყოფს ავტონომიურ ნავიგაციას, ხოლო Astrobotic-ის Griffin-1 Nobile-ის კრატერში დაეშვება.
ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა
2032 წლისთვის NASA გეგმავს მთვარეზე ბირთვული და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების განთავსებას. პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, კარლოს გარსია-გალანის განცხადებით, 2029 წლამდე დაგეგმილია 25 გაშვება და მთვარეზე 4 მეტრული ტონა ტვირთის მიწოდება.
სამხრეთ პოლუსის არჩევა შემთხვევითი არ არის. რეგიონში არსებული გაყინული წყლის მარაგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სასმელი წყლისთვის, ისე ჟანგბადის გამოსამუშავებლად.
პოლიტიკური კონტექსტი და რისკები
NASA-ს ამბიციური გეგმების უკან პოლიტიკური ფაქტორი დგას. ჩინეთი აქტიურად ავითარებს საკუთარ კოსმოსურ პროგრამას და მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ადამიანების მთვარეზე დასმას. აშშ-ის ხელმძღვანელობა ცდილობს, 2028 წლამდე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვადის ამოწურვამდე, კვლავ დააბრუნოს ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე.
მიუხედავად ოპტიმიზმისა, ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ ვადებს. მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად SpaceX-ის Starship-ის სისტემის შეფერხებები სახელდება. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთმა შესაძლოა აშშ-ს დაასწროს მთვარის ზედაპირზე ადამიანის უსაფრთხოდ დასმა.
„საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ჩინეთი იქ პირველი მივა“, — აცხადებს ლუნარული მეცნიერი, დოქტორი სიმონ ბარბერი.
NASA-ს ადმინისტრატორი ჯარედ აიზეკმანი კი კატეგორიულია: მისი თქმით, აშშ-მა მთვარეზე უპირატესობა აღარასდროს უნდა დათმოს. მომდევნო წლები გადამწყვეტი იქნება იმის დასადგენად, თუ რომელი სახელმწიფო გახდება კოსმოსურ რბოლაში ლიდერი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.