საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ ნიუ-ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ის მოედნის ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვა. ფეხბურთელმა არენის საფარი „ხელოვნურს“ შეადარა და განაცხადა, რომ ის ძალიან მყარი და მოუხერხებელია.
საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატის კამპანია სწორედ ამ სტადიონზე დაიწყო, სადაც სენეგალის ნაკრები 3-1 დაამარცხა. 31 წლის რაბიომ მატჩი სრულად ჩაატარა და ბრედლი ბარკოლას მეორე გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემითაც გამოირჩა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავარი თემა სწორედ მოედნის მდგომარეობა გახდა.
„მოედანი... არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა ამას მოედანი ვუწოდოთ. უფრო ხელოვნურ საფარს ჰგავდა - საკმაოდ მყარი და რიგიდული იყო,“ - განაცხადა რაბიომ მატჩის შემდეგ.
პრობლემა, რომელიც უკვე ბევრს აწუხებს
რაბიოს პრეტენზიები პირველი არ არის. მანამდე, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა მაროკოსთან გამართული ფრის შემდეგ, მოედნის სიმშრალეზე ისაუბრა. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო საფარი სწრაფად შრება, რაც თამაშს ანელებს და გუნდებს რიტმში შესვლას ართულებს.
MetLife Stadium-ი, რომელიც 78 576 მაყურებელს იტევს, ჩვეულებრივ NFL-ის გუნდების, „ნიუ-იორკ ჯაიანთსისა“ და „ჯეტსის“ საშინაო არენაა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონზე დროებითი ბუნებრივი ბალახის საფარი დაიგო, თუმცა მოთამაშეთა უკმაყოფილება აჩენს კითხვებს მის ხარისხთან დაკავშირებით.
„MetLife-ის წყევლა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სტადიონს ცუდი რეპუტაცია აქვს. NFL-ის არაერთი ვარსკვლავი სწორედ ამ საფარზე მიღებული მძიმე ტრავმების გამო დაზარალდა. სექტემბერში „ჯაიანთსის“ ფეხბურთელმა მალიკ ნეიბერსმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რაც სპორტულ წრეებში უკვე „MetLife-ის წყევლად“ მოიხსენიება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სტადიონმა უნდა უმასპინძლოს ინგლისისა და პანამის მატჩს 27 ივნისს, ხოლო 19 ივლისს სწორედ აქ გაიმართება ტურნირის ფინალური შეხვედრა. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 16 მასპინძელ სტადიონზე რვა დროებითი ბუნებრივი საფარია დამონტაჟებული.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.