UFC Freedom 250-ის მთავარი დაპირისპირება სულ უფრო იძაბება. ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის დაპირისპირება, რომელიც თავდაპირველად მშვიდ ფონზე მიმდინარეობდა, ბოლო ორ კვირაში რადიკალურად შეიცვალა. მებრძოლები ერთმანეთს ღიად ემუქრებიან, რამაც საზოგადოების და ექსპერტების ყურადღება მიიპყრო.
ბისპინგის პროგნოზი
საკუთარი მოსაზრება UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმა გააჟღერა. მისი თქმით, „ელ მატადორის“ ფავორიტად დასახელება ლოგიკურია. ბისპინგი აღნიშნავს, რომ თოფურია ოქტაგონში ქირურგიული სიზუსტით მოქმედებს და გააჩნია ისეთი ძალა, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს საფრთხეს უქმნის.
„ჯასტინსაც მძიმე ხელები აქვს, თუმცა თოფურია მსგავს რაღაცებს რეგულარულად აკეთებს. ილიამ ნოკაუტში გაგზავნა ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა. როდესაც ოლივეირა მის პარტერში გადაყვანას ცდილობდა, თოფურიამ ის არა მხოლოდ გააკონტროლა, არამედ ფეხზე წამოდგა და ჩხუბი არანორმალური სიძლიერის დარტყმით დაასრულა“, – აცხადებს ბისპინგი.
განსხვავებული სტილი და ტემპი
ბრიტანელი მებრძოლი ყურადღებას ამახვილებს მებრძოლთა ტემპსა და ეფექტურობაზეც. მისი შეფასებით, გეიჯი კარგი მებრძოლია, თუმცა მას შედეგის მისაღწევად გაცილებით მეტი დრო სჭირდება.
„ჯასტინს პედი პიმბლეტისთვის ზიანის მისაყენებლად ხუთი რაუნდი დასჭირდა. ის იმ ყველაფერს, რისი გაკეთებაც თოფურიას ერთი დარტყმით შეუძლია, 25 წუთს ანდომებს. ილია ამბობს, რომ გეიჯის 15 წამში ყბას მოტეხავს და ვინ იცის, შეიძლება ეს მართლაც ვნახოთ“, – დასძინა ბისპინგმა.
კონფლიქტის ფონი
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის მიმართ პატივისცემით იყო განმსჭვალული, სანამ „ჰაილაითმა“ მისი ოჯახის მისამართით არ გააკეთა განცხადებები. ამ ინციდენტის შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა ღიად განაცხადა, რომ პატივისცემა დაკარგა და ოქტაგონში მის „განადგურებაზე“ ზრუნვას დაიწყებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.