მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა კაბო-ვერდეს ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო — დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ კაბო-ვერდეს მთავარმა მწვრთნელმა ლეიტაო ბუბისტამ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს შედეგი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა.
„ეს შედეგი ყველაფერს ნიშნავს, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მიზანი იყო, მთელი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა ჩვენი ნაკრების შესაძლებლობები და ვფიქრობ, ეს წარმატებით გამოგვივიდა“, — განაცხადა ბუბისტამ.
მწვრთნელის თქმით, გუნდის წარმატების საიდუმლო მკაცრ ტაქტიკურ დისციპლინაშია. კაბო-ვერდემ შეძლო ესპანეთის შეტევების განეიტრალება და მოედნის ცენტრში თამაშის კონტროლი.
„დავამტკიცეთ, რომ ვართ ორგანიზებული და მამაცი გუნდი. დაცვაში ძალიან დამაჯერებლად ვითამაშეთ, ტაქტიკურად დისციპლინირებულები ვიყავით და ბურთის გათამაშებისას არასდროს ვჩქარობდით. ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთვის მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უფრო მეტის მიღწევა გვსურს“, — დასძინა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ კაბო-ვერდეს ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. მუნდიალზე აფრიკული გუნდი ურუგვაისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ იასპარეზებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.