მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საწყისი ტური დიდ სენსაციას მოჰყვა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთის ნაკრებმა, კაბო ვერდეს ბარიერი ვერ დაძლია. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

ტოტალური უპირატესობა შედეგის გარეშე

მატჩის სცენარი მოსალოდნელი იყო: „ფურია როხა“ ბურთს აკონტროლებდა და მოედანზე დომინირებდა. თუმცა, ტერიტორიულმა უპირატესობამ ესპანელებს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. კაბო ვერდემ თავდაცვითი ტაქტიკა ბრწყინვალედ გამოიყენა.

პირველ ნახევარში ესპანეთს გოლის გატანის ორი რეალური შანსი ჰქონდა. ფერან ტორესის მძლავრი დარტყმა ძელს მოხვდა, ხოლო მიკელ ოიარსაბალის მცდელობა მეკარემ ნეიტრალიზა. ამ ეპიზოდების შემდეგ ესპანელთა შეტევები ნაკლებად მწვავე გახდა.

ცვლილებები, რომლებმაც თამაში ვერ შეცვალა

მეორე ნახევარში ლუის დელა ფუენტეს გუნდმა წნეხი გაზარდა, თუმცა 100%-იანი საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა. ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებების განხორციელება დააგვიანა.

ლამინ იამალი მოედანზე მხოლოდ 71-ე წუთზე გამოჩნდა, ნიკო უილიამსი კი მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჩაერთო თამაშში. ახალგაზრდა შემტევებმა მატჩის დინამიკა ვერ შეცვალეს და შეხვედრა ლოგიკური, თუმცა სენსაციური ფრით დასრულდა.

რა ელის „ფურია როხას“?

ესპანეთის ნაკრებისთვის ეს შედეგი საგანგაშოა. გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფიდან გასასვლელად ესპანელებს მაქსიმალური შედეგის დაფიქსირება მართებთ.