ჩემპიონთა ლიგის 2026 წლის სეზონი პარი სენ-ჟერმენის ტრიუმფით დასრულდა. ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართულ ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ლონდონის არსენალი პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, „მეთოფეებისთვის“ კი გადამწყვეტი აღმოჩნდა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც 4:3 პარიზელთა სასარგებლოდ დასრულდა.

„ეს ლატარიაა“

ლონდონელთა ნახევარმცველმა დეკლან რაისმა, რომელიც ფინალის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, TNT-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ პენალტების სერია ფეხბურთის ყველაზე სასტიკი მხარეა. მისი თქმით, ისტორიულად საუკეთესო გუნდებსაც კი წაუგიათ მსგავსი სცენარით, ამჯერად კი ეს ბედი „არსენალს“ ხვდა წილად.

„ეს ლატარიაა. ისტორიაში საუკეთესო გუნდებსაც წაუგიათ ფინალები პენალტების სერიაში და ახლა ეს ჩვენ დაგვემართა. ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ, ამ ბიჭებით ძალიან ვამაყობ,“ - განაცხადა რაისმა.

მხარდაჭერა თანაგუნდელებს

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაბრიელისა და ეზეს მისამართით, რომლებმაც გადამწყვეტი პენალტები ვერ გამოიყენეს. რაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდი მათ გვერდით დგას და არავინ აპირებს მათ დადანაშაულებას.

„ჩვენ ისინი გვიყვარს და მათ გვერდით ვართ. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება. ისინი არ იქნებიან ბოლო ფეხბურთელები, რომლებიც ფინალში პენალტს გააფუჭებენ. ამ ორი მოთამაშის გარეშე კი, ჩვენ პრემიერ ლიგას ვერ მოვიგებდით,“ - განაცხადა რაისმა.

პოზიტივი და მომავლის გეგმები

რაისის თქმით, მიუხედავად ფინალში განცდილი მწარე მარცხისა, გუნდმა მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა. ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ გუნდმა ობიექტურად უნდა შეაფასოს განვლილი გზა ზაფხულიდან დღემდე.

„გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ობიექტურად შევხედო იმას, თუ სად ვიყავით ივლისში და სად ვართ ახლა. ჩვენ დავბრუნდებით,“ - დასძინა რაისმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდმა პოზიტიურ მომენტებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მომდევნო გამოწვევებისთვის მოემზადოს.