ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საფეხბურთო სამყარო გადამწყვეტი მატჩის მოლოდინშია, „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ კი ფრანგულ გამოცემა L’Equipe-თან ინტერვიუში პარი სენ-ჟერმენის ამჟამინდელი ფორმა შეაფასა.

ემერი მიიჩნევს, რომ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პსჟ-მ სრული ტრანსფორმაცია განიცადა. მისი თქმით, პარიზული კლუბი დღეს მსოფლიოში საუკეთესო კოლექტიურ ფეხბურთს აჩვენებს.

ვარსკვლავების ეპოქიდან კოლექტიურ ფეხბურთამდე

ესპანელი სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ პსჟ-მ უარი თქვა ექსკლუზიურად „ვარსკვლავების პოლიტიკაზე“, რაც გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. მიუხედავად ამისა, კლუბში კვლავ რჩებიან უმაღლესი დონის შემსრულებლები.

„დღეს პსჟ-ს ჰყავს უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და ვიტინია. ისინი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან“, - განაცხადა ემერიმ.

მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ლუის ენრიკემ შეძლო გუნდში პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა, რაც მოედანზეც აისახება. ემერის თქმით, პსჟ-ის თამაშის ყურება დღეს ნამდვილი სიამოვნებაა.

მოლოდინი ფინალის წინ

ემერიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ასტონ ვილასთან“ ერთად ევროპა ლიგა მეხუთედ მოიგო, „არსენალის“ პროგრესზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიკელ არტეტას გუნდი წლიდან წლამდე ძლიერდება და პრემიერლიგის მაღალი კონკურენციის ფონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა უდიდესი მიღწევაა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ემერი ფავორიტს ვერ გამოყოფს. მისი აზრით, შანსები თანაბარია - 50/50-ზე.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი პსჟ-ს 2016-2018 წლებში წვრთნიდა, სადაც მას დღევანდელი გუნდიდან მხოლოდ მარკინიოსთან აქვს შენარჩუნებული მჭიდრო კავშირი. ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.