„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია უეფას ოფიციალურ არხს ესაუბრა. „კვარამ“ გულახდილად მიმოიხილა ფეხბურთისადმი საკუთარი დამოკიდებულება, გუნდური თამაშის მნიშვნელობა და ის პოზიტიური გარემო, რომელიც პარიზულ კლუბში დახვდა.
სიამოვნება მოედანზე
კვარაცხელიას თქმით, მისთვის ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ პროფესია. ის ყოველდღიურ ვარჯიშს სიამაყით უყურებს და ცდილობს, მოედანზე გასვლისას მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. მიუხედავად თანამედროვე ფეხბურთის მაღალი ინტენსივობისა და რთული კონკურენციისა, ქართველი მოთამაშე ყოველთვის ცდილობს, გუნდს საკუთარი წვლილით დაეხმაროს.
„როდესაც მატჩი სრულდება, უნდა ვიცოდე, რომ გუნდისთვის 100 პროცენტი გავიღე. გოლი და საგოლე გადაცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი გუნდური შედეგია“, — აღნიშნა კვარაცხელიამ.
„ქართველების მსგავსი მენტალიტეტი“
საქართველოს ნაკრების ლიდერი განსაკუთრებულად აფასებს იმ ატმოსფეროს, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ გასახდელშია. მისი თქმით, თანაგუნდელების ხასიათი და ერთმანეთისთვის ბრძოლის სურვილი ძალიან ჰგავს ქართულ მენტალიტეტს.
„როდესაც ვარჯიშზე მივდივარ, ბედნიერი ვარ. ისინი სულ იცინიან და პოზიტიურები არიან. ამ მხრივ, ჩემი თანაგუნდელები ძალიან ჰგვანან ქართველებს“, — აცხადებს ხვიჩა.
ამბიცია და ჩემპიონთა ლიგის ფინალი
კვარაცხელია აღიარებს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურის ტარება დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული და მზადაა ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს. ფეხბურთელი ხაზს უსვამს, რომ წლევანდელ სეზონში გუნდმა უკვე დაამტკიცა, თუ როგორ შეუძლია სტრატეგიული გამოწვევების გადალახვა.
ამჟამად „პსჟ“-ს მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალია. 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, პარიზელები „არსენალს“ დაუპირისპირდებიან. კვარაცხელია თვლის, რომ საოცარი თანაგუნდელების გვერდით, რომლებსაც მომენტების შექმნა შეუძლიათ, მიზნის მიღწევა რეალურია.
„ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს იმის დასტურია, რომ დიდი სამუშაო გასწიე“, — დაასკვნა კვარაცხელიამ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.